რა არის უშვილობა?

უშვილობა არ არის ავადმყოფობა, უშვილო წყვილების უმრავლესობა პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან. უშვილობა – ორგანიზმში არსებული სხვადასხვა ცვლილებების შედეგია, რომელიც ხშირად ქალს ან მამაკაცს არ აწუხებს, თუმცა ხელს უშლის ორსულობის დადგომას.  რამდენიმე ათეული წლის უკან, როცა უშვილობის გამოკვლევის მეთოდები ჯანმრთელობისთვის საზიანო და  ნაკლებინფორმაციული იყო, უშვილობის გამოკვლევა წყვილის თანაცხოვრებიდან 2 წლის შემდეგ იწყებოდა, ანუ უშვილობად ითვლებოდა ისეთი მდგომარეობა, როცა მიუხედავად რეგულარული სქესობრივი ურთიერთობისა ორსულობა 2 წლის მანძილზე არ ხდებოდა. სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ უშვილობის დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად გაამარტივა და გაცილებით ინფორმატიული გახადა, რამაც ბოლო ათწლეულში აღნიშნული დროის მონაკვეთის 1 წლამდე შემცირება გამოიწვია. 

როგორ ხდება ორსულობა და რა შეიძლება იყოს უშვილობის მიზეზი?

პირველ რიგში ძალიან მოკლედ ავღწეროთ ორსულობის დადგომის "მექანიზმი": თითქმის ყოველ მენსტრუალურ ციკლში ქალის ორგანიზმში ხდება ოვულაცია ანუ საკვერცხედან კვერცხუჯრედის გამოსვლა, რომელიც ხვდება მუცლის ღრუში, შემდეგ მიემართება საშვილოსნოს მილში, სადაც ხდება მისი განაყოფიერება მამაკაცის სასქესო უჯრედით - სპერმატოზოიდით. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გადაადგილდება მილში საშვილოსნოს ღრუსკენ, მიემაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელს ანუ ხდება იმპლანტაცია და იწყება ორსულობა. აღნიშნული "მექანიზმის" ნებისმიერი ეტაპის დარღვევა შესაძლოა იყოს უშვილობის მიზეზი. მაგალითად, თუ ოვულაცია არ მოხდა ვერ "მივიღებთ" კვერცხუჯრედს და შესაბამისად განაყოფიერებაც არ მოხდება, თუ მილები გაუმტარია კვერცხუჯრედი ვერ მოხვდება მილში და შესაბამისად ვერ "შეხვდება" სპერმატოზოიდს, თუ საშვილოსნოს კედლები არ არის სწორი (მაგ. პოლიპები, შეხორცებები და ა. შ.) განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვერ მიემაგრება მას, თუ მამაკაცის სპერმა "უხარისხოა" კვერცხუჯრედის განაყოფიერებას "ვერ მოახერხებს" და ორსულობაც არ მოხდება. ქალის ცხოვრების მთელი რეპროდუქციული ასაკის განმავლობაში მხოლოდ 400 კვერცხუჯრედი მწიფდება, მამაკაცი კი ყოველ სქესობრივ კონტაქტზე 100-500 მილიონ სპერმატოზოიდს გამოყოფს, რომელთაგან მხოლოდ ერთი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს. ჩვეულებრივ, ქალის საკვერცხე ყოველთვიურად მხოლოდ ერთ კვეცხუჯრედს გამოიყოფს იმისათვის, რომ ათეულ მილიონობით სპერმატოზოიდებიდან ერთ-ერთს შეერწყას. აღნიშნული ინფორმაციიდან გასაგებია, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალის ორგანიზმს და რამდენად "ძვირფასია"თითოეული კვერცხუჯრედი. 25 წლის ასაკიდან ქალის ორგანიზმში იწყება ფოლიკულების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რომელიც  40 წლის ასაკისთვის კრიტიკულ ზღვარს აღწევს, ანუ ეს ის პერიოდია, როცა სრულფასოვანი კვერცხუჯრედის "მარაგი" თითქმის "ილევა" და ახლოვდება კლიმაქსი.     ყოველივე აქედან გამომდინარე ნათელია, რომ შვილოსნობის ფუნქციაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ასაკი წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით ჯანმრთელ წყვილში შვილოსნობის ფუნქცია პიკს 25 წლის ასაკში აღწევს და თითო სქესობრივ ურთიერთობაზე ორსულობის შანსი 20-25%-ია, შემდეგ ეს პროცენტული მაჩვენებელი თანდათანობით კლებულობს და შესაბამისად, რაც მეტია ასაკი, მით ნაკლებია დაორსულების შანსი.    უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს: როგორც ქალის ასევე მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული, კომბინირებული – ანუ როცა ადგილი აქვს ქალისა და მამაკაცის ფაქტორების თანაარსებობას და ე. წ. იდიოპათიური უშვილობა, როცა უშვილობის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.   ქალის უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს: ანოვულაცია, ანუ როცა არ ხდება კვერცხუჯრედის გამოყოფა, რაც ძირითადად ენდოკრინული ფაქტორებითაა გამოწვეული, რეპროდუქციული ორგანოების (საშვილოსნოს, მილების, მცირე მენჯის ღრუს) პათოლოგიები, გენეტიკური, იმუნური და სხვა მიზეზები. მამაკაცის უშვილობის მიზეზი ძირითადად არასრულფასოვანი სპერმაა, რომელიც ვერ ახერხებს კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. სპერმის ცვლილებები კი თავისთავად შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეირო-ენდოკრინულ, გენეტიკურ, იმუნურ, ანატომო-ფიზიოლოგიურ და სხვა პათოლოგიებთან. 

 
 

როგორ ხდება უშვილობის დიაგნოსტიკა?

უშვილობა მრავალი წყვილისთვის მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს, უშვილო წყვილები ხშირად წლობით დადიან ექიმებთან და ამ თითქოსდა მარტივ კითხვაზე, თუ რა არის უშვილობის მიზეზი, პასუხს ვერ იღებენ. გაუგებარი სიტუაცია იწვევს ფსიქოლოგიურ სტრესს, იკარგება უამრავი დრო და თანხები.

ამასთან ცნობილია, რომ ასაკის მატება თავისთავად ამცირებს დაორსულების უნარს. ამრიგად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად დადგინდეს უშვილობის მიზეზი, და შესაბამისად ჩატარდეს მკურნალობა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაორსულების შანსს.    სწორედ ამ მიზანს ემსახურება უშვილობის დიაგნოსტიკის და მკურნალობის უნიკალური მეთოდი – ფერტილოსკოპია, რომლის დროს ხდება ქალის იმ რეპროდუქციული ორგანოების დათვალიერება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ დაორსულების პროცესში. ფერტილოსკოპია კომპლექსური გამოკვლევაა, რომელიც მოიცავს:

• მიკროჰისტეროსკოპიას (ცერვიკალური არხის, საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა)

• ტრანსვაგინური ჰიდროლაპაროსკოპია (მცირე მენჯის ღრუს გამოკვლევა)

• სალპინგოსკოპიას (მილის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოკვლევა),

• ქრომოპერტუბაციას (საშვილოსნოს მილების გამტარიანობის გამოკვლევა)

ფერტილოსკოპიის აპარატი წარმოადგენს მინიენდოსკოპს ციფრული ვიდეოკამერით, რაც იძლევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას ეკრანზე. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ ფერტილოსკოპიის დროს ხდება მცირე ზომის ვიდეოკამერით ქალის რეპროდუქციული ორგანოების (საშვილოსნო, მილები, საკვერცხეები და ა. შ) მაქსიმალურად ფიზიოლოგიურ პირობებში დათვალიერება, რაც გადიდებულ მასშტაბში და ნატურალურ ფერებში აისახება მონიტორზე. პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივრებით, ხანგრძლივობაა 20-30 წუთი, გამოკვლევის შემდეგ პაციენტი მაშინვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ფერტილოსკოპიის შედეგად შესაძლებელია ქალის რეპროდუქციული ორგანოების ისეთი ცვლილებების გამოვლენა, რომლებიც შეუძლებელია დაინახო დღეს არსებული რომელიმე სხვა მეთოდით, მაგალითად: პოლიპები ან შეხორცებები მილის სანათურში, წვრილი შეხორცებები ფიმბრიებზე, მილის ლორწოვანი გარსის ატროფია ხელს უშლის კვერცხუჯრედის გადაადგილებას და  მილი გამტარიც რომ იყოს, ორსულობის შანსი  - მინიმალურია, მათი დანახვა კი მხოლოდ ფერტილოსკოპიითაა შესაძლებელი. ფერტილოსკოპიური მეთოდის ასეთი მაღალი დიაგნოსტიკური საშუალებების გამო იმ ქალებში, სადაც უშვილობის გამოკვლევა აღნიშნული მეთოდით ტარდება, იდიოპათიური ანუ დაუდგენელი მიზეზის უშვილობა პრაქტიკულად არ გვხვდება. 

შვილოსნობის აღმდგენი უნიკალური ოპერაციები 

ფერტილოსკოპიისას რაიმე პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია მათი ოპერაციული მკურნალობა: პოლიპების, შეხორცებების, ენდომეტრიული უბნების მოცილება, კისტის ამოღება.  ცნობილია, რომ უშვილობის ერთერთი ძირითადი მიზეზი გაუმტარი მილებია, რომლის დროსაც დაორსულების შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია, ფერტილოსკოპიით ჩვენ ვატარებთ უნიკალურ მიკროქირურგიულ ოპერაციებს: სპეციალური კათეტერი შეგვყავს საშვილოსნოს მილის ღრუში და ვახდენთ მისი გამტარობის აღდგენას, შედეგად ხდება ბუნებრივი შვილოსნობის აღდგენა და ქალს ეძლევა ფიზიოლოგიური გზით დაორსულების შანსი.  მრავალი ოპერაცია, მათ შორის პოლიკისტოზური საკვერცხეების დრილინგი, ენდომეტრიული კისტის მოცილება და ა. შ., რომელიც ადრე ლაპარატომიულად (ანუ მუცლის გაჭრით) ან უკეთეს შემთხვევაში ლაპაროსკოპიულად კეთდებოდა, რაც ასევე მოითხოვს საერთო ანესთეზიას და სტაციონარულ პირობებს, დღეს შესაძლებელია ბევრ შემთხვევაში ფერტილოსკოპიით გაკეთდეს ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივრებით, "უსისხლოდ". 

 ფერტილოსკოპია დღეს უშვილობის დიაგნოსტიკის "ოქროს სტანდარტადაა" მიჩნეული და მსოფლიოს წამყვან რეპროდუქციულ კლინიკებშია დანერგილი, მათ შორის ჩვენს კლინიკაში, რომელიც არის პირველი აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში და ჯერჯერობით ერთადერთი საქართველოში, სადაც ეს გამოკვლევა ტარდება. ჩვენი და  ჩვენი უცხოელი კოლეგების ავტორობით ხშირად ქვეყნდება სამეცნიერო სტატიები ფერტილოსკოპიის შესახებ მსოფლიოში ცნობილ სამედიცინო გამოცემებში: “fertility and infertility”; “Ginecological surgery”, “Human reproduction”, “Проблемы репродукции”.   

უშვილობის დროს აუცილებელია ერთდროულად  ჩატარდეს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის გამოკვლევა.  მამაკაცების გამოკვლევისას პირველ ეტაპზე სპერმის ანალიზი ტარდება. თუ სპერმის მონაცემები ნორმის ფარგლებშია, დამატებითი გამოკვლევები არ არის საჭირო.  სპერმოგრამაში რაიმე ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში კი რეკომენდირებულია მამაკაცს ჩაუტარდეს ჰორმონების გამოკვლევა, პროსტატას და სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია, ნაცხის ბაქტერიოსკოპია, რათა დადგინდეს არსებული ცვლილებების მიზეზი და დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა.  

 


ლაპაროსკოპია   უშვილობის და გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ენდოსკოპიური მეთოდია, რომლის დროსაც გინეკოლოგიურ ორგანოებთან წვდომა ხდება მუცლის ზედაპირიდან, რომელზედაც კეთდება 2 ან 3 ნახვრეტი. ორგანოების დათვალიერება და საოპერაციო ჩარევები ხდება ვიდეოკონტროლით და ოპერაციის მიმდინარეობა აისახება მონიტორზე. ლაპაროსკოპია წარმოადგენს მიკროინვაზიურ ოპერაციას,  ტარდება ზოგადი ანესთეზიით და პაციენტი 24 საათში გაეწერება კლინიკიდან. ლაპაროსკოპია იძლევა ფართო შესალებლობებს ოპერაციულ გინეკოლოგიაში, პრაქტიკულად ყველა ოპერაცის, რომელიც ათიოდე წლის უკან მხოლოდ ტრადიციული ლაპარატომიით ტარდებოდა (მუცლის გაჭრით,) დღეს შესაძლებელია ჩატარდეს ისეთი მიკროინვაზიური, მინიმალურად ტრამვული და ეფექტური მეთოდით, როგორიცაა ლაპაროსკოპია.

თუ ფერტილოსკოპიის დროს გამოვლინდა ისეთი პრობლემა, რომლის ოპერაცია შეუძლებელია ფერტილოსკოპიით (მაგალითად: კისტომა, პარაოვარიული კისტა, მიომატოზური კვანძი, ენდომეტრიომა 3 მმ-ზე დიდი ზომის და ა. შ) იმავდროულად ხდება ლაპაროსკოპიის ჩატარება, რაც პაციენტისთვის არის გაცილებით უფრო კომფორტული და ფინანსურად მისაღები. ფერტილოსკოპიისა და ლაპაროსკოპიის ამგვარი კომბინაცია მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ტარდება.