ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნივენლოვანესი ფაქტია. ამ დროს ქალს ორი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა აბარია, ამიტომაც ყველა დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ მეან-გინეკოლოგ ქეთევან მგალობლიშვილს ორსულობაზე, მის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობასა და გართულებებზე, ანუ პათოლოგიებზე ვესაუბერთ.

– თავდაპირველად ყურადღება მინდა შევაჩერო იმაზე, თუ როგორ დგინდება ორსულობა. ბევრს ჰგონია, თუ მენსტრუალური ციკლი გადაუცდება, ესე იგი ორულობასთან გვაქვს საქმე, არადა ასე არაა. მენსტრუალური ციკლის გადაცდენა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგალითად საკვერცხის კისტით, ჰორმონალური დარღვევებით და ა.შ. თუ არსებობს ეჭვი ორსულობის შესახებ, დასადგენად აუცილებლად

– უნდა მიმართონ მეან-გინეკოლოგს და ჩაიტარონ შესაბამისი კვლევები. შესაძლოა, მხოლოდ ექოსკოპია არ იყოს საკმარისი პასუხის მისაღებად, რადგან 3-4 კვირამდე საშვილოსნოში ორსულობა ფაქტობრივად არ ჩანს, ამიტომ თუ არის ეჭვი და ექოსკოპია გვაძლევს მინიშნებას, რომ საკვერცხე იმ თვეში ნამუშევარია, ან გასქელებულია ენდომეტრიუმი და ემზადება ემბრიონის მისამაგრებლდ, ვაკეთებთ დამატებით კვლევებს. პირველ რიგში ქორიონული გონადოტროპინის ჰორმონს ვამოწმებთ სისხლში, რომელიც უტყუარ პასუხს იძლევა, თუ მისი მაჩვენებელი მომატებულია, ესე იგი ორსულობა არის. თუმცა, ორსულობის დადგენა მხოლოდ ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრით არ შეიძლება მოხდეს, რადგან ეს ჰორმონი იმატებს მაშინაც, თუ გარე ორსულობაა, ამიტომ საჭიროა კომპლექსური კვლევა. ამასთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზის სწორად ჩამორთმევას და შეკრებას. ხშირად ქალებმა არ იციან, რა უნდა მოუყვნენ ექიმს, მით უმეტეს თუ პირველ ორსულობასთან გვაქვს საქმე, ვერ ხვდებიან, რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მეან-გინეკოლოგისთვის, ამიტომ თავად ექიმმა უნდა დაუსვას ისეთი კითხვები, რომ მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეს პაციენტის შესახებ. ორსულობის დადგენის შემდეგ, ქალი გაივლის მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, ჩააბარებს სისხლის ჯგუფისა და რეზუსის ანალიზს, რადგან რეზუს უარყოფითიანი ორსულების მართვა მოითხოვს დამატებით კვლევებს.

ამასთან, აუცილებლად უნდა გაკეთდეს კოაგულოგრამა. შეიძლება, ძველ ხალხს გაუკვირდეს, რა საჭიროა ამდენი ანალიზიო, მაგრამ ბოლო პერიოდში წამოიწია წინ ისეთმა დაავადებამ, რასაც ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი ეწოდება, ის ორსულობის შეწყვეტაში წამყვან როლს ასრულებს. ორსულობის დროს ქალის ორგანიზმი გარდაიქმნება, ამიტომაც შეიძლება მრავალმა გართულებამ იჩინოს თავი. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ქალს შესაძლოა, არ აწუხებდეს არაფერი, მაგრამ ორსულობის დროს, მოიმატოს ვთქვათ, გლუკოზის მაჩვენებელმა, ან პირიქით, კალციუმის, დე ვიტამინის ნაკლებობა დაეწყოს, არადა ეს აუცილებელია ნაყოფის სწორად განვითარებისათვის. ამ საკითხში ასევე უმნიშვენლოვანესია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის განსაზღვრა, რადგან ორსულობისას ფარისებრი ჯირკვალი 30-40% დატვირთვას საკუთარ თავზე იღებს, თუ ჯანმრთელია, მაშინ თავიდანვე შეეგუება და ცვლილებებს არ გამოიწვევს. მაგრამ თუ ანამნეზში ფიქსირდება რაიმე სახის პრობლემა, მაშინ იოდის დამატება აუცილებელია, სიტუაციის შეფასების შემდეგ კი შესაძლოა, ენდოკრინოლოგთან გადამისამართებაც გახდეს საჭირო. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ორსულობას აუცილებლად თან ახლავს გართულებები, უბრალოდ, ფეხმძიმობისას ყველა მიძინებული ქრონიკული დაავადება იღვიძებს, ამიტომაც საჭიროა კონტროლი. უცილებელია შეფასდეს ქალის ჯანმრთლეობის ზოგადი მდგომარეობა, რაიმე ქრონიკული დაავადება ხომ არ ჰქონია, ხომ არ აწუხებს გასტრიტი, ტრავმატოლოგიური ან ხერხემლის პრობლემები, კენჭოვანი დაავადებები და ა.შ. მოკლედ, ანამნეზის შეკრებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ექიმმა არ უნდა იჩქაროს, ესაა უმთავრესი. პაციენტმა არ იცის, რა მოგიყვეს და რა – არა, უნდა დაუსვა ბევრი კითხვა, რომ მიიღო მაქსიმალური ინფორმაცია პროცესების სწორად მართვისთვის.
მსჰობლები

– ორსულობას ხშირ შემთხვევაში თან ახლავს ტოქსკოზი, რა იწვევს ამას?

– ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზებში შედის: გულისრევა, ღებინება, უჰაერობა, დაბალი წნევები, საერთო სისუსტე.. ხშირ შემთხვევაში ამ ტოქსიკოზის მიზეზი ემოციური ფონია, ქალი ორსულობის დადგომისას გარდაიქმნება, მრავალნიაირ ცვლილებებს განიცდის ორგანიზმი და გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ეს აისახება ქალის შინაგან განწყობაზე, შემდეგ უკვე იღებს ასეთ გამოხატულებას. ამიტომ ემოციურ ფონს, გარემოს, სადაც ორსულს უწევს ყოფნა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე უდიდესი როლი ეკისრება მეუღლეს, ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ შეუქმნას მისთვის კომფორტული გარემო, რადგან ქალი ამ დროს ისედაც ბევრ დისკომფროტს განიცდის.

– რომელია ორსულებში ყველაზე გავრცელებული პრობლემები ?

– დღემდე არიან ადამიანები, ვინც სვამენ კითხვას, ამდენ ექსოკოპიას რომ გვაკეთებინებთ, საზიანო ხომ არაა? ექიმის ინტერესში არასდროს არ შედის პაციენტის ექსოკოპიაზე გაშვება, თუ ამის აუცილებლობას ვერ ხედავს, ამ შემთხვევაში საუბარია არაგეგმიურ ექოსკოპიაზე. ყველაზე გავრცელებულ პრობლემების სათავეში კი 12 კვირამდე მოშლა დგას, რასაც ძირითადად ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი იწვევს. ეს გახლავთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ორსულობისას სისხლი სქლედება, ორმაგდება ამიტომ ვნიშნვათ ბევრ სითხეებს, სისხლს შედედებისკენ აქვს მიდრეკილება, ეს კი ხელს უშლის ემბრიონის მიმაგრებას და ხდება გამოდევნა. იმისათვის, რომ სისხლი გათხელდეს და იყოს კარგი მიმოქცევა სითხეების მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან ერთად სხვა პრობლემებმაც შეიძლება გამოიწვიოს მოშლა, მაგრამ ეს საკმაოდ გავრცელებულია… ასეთივეა ე.წ. ტონუსი.

– ამაზე მინდოდა მეკითხა, ორსულთა დიდ ნაწილს აწუხებს ტონუსი სხვადასხვა ვადაზე.

– ტონუსი ორსულობის სამივე ტრიმესტრში საყურადღებოა. ძლიერი ტონუსი თუ არ მოიხსნა ამბოლატორიულად, შეიძლება სტაციონარში გადაყვანაც გახდეს საჭირო, რათა არ მოხდეს საშვილოსნოს ყელის დამოკლება და გახსნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გამოძევება და ნაადრევი მშობიარობა. ამიტომ თუ იგრძნობს ორსული დაჭიმულობას, ტკივილს მუცლის და წელის არეში უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს, ეს ყვეალფერი შეიძლება, გამოწვეული იყოს გადაღლისგან, მაგრამ დაკვირვება მაინც სჭირდება.

– ახლა მინდა იმ მცდარ წარმოდგენებზე ვისაუბროთ, რაც ქალებს აქვთ ორსულობაზე.

– ორსულის დედებს, ბებიებს, დედამთილებს ხშირად ჰგონიათ, რომ ფეხმძიმე ქალი უნდა იჯდეს სახლში, არ უნდა იმუშაოს, არ უნდა დაჯდეს საჭესთან, არ უნდა წავიდეს ზღვაზე და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა, მე მყავს ირგვლივ ძალიან აქტიური ორსული ქალბატონები, რომლებიც კიდეც მუშაობენ, საჭესთანაც სხედან და ზღვაზეც დადიან და ამ ყველაფერს ისე აკეთებენ, რომ ზიანს არც ნაყოფს და არც საკუთარ თავს არ აყენებენ. ორსულობისას აქტიური ცხოვრების რეჟიმი – ცურვა, სეირნობა, ძალიან კარგია… ასევე ჰგონიათ ხოლმე, რომ სქესობრივი კავშირი საზიანოა, პირიქით, ეს შეიძლება სასარგებლოც იყოს ორსულობის სხვადასხვა ვადაზე, რადგან ეს ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი, რაც ორსულის როგორც შინაგან, ასევე გარეგან სამყაროზე დადებით ეფექტს ახდენს. ეს რასაკვირველია ეხება იმ შემთხვევას, როცა ორსულობა მიდის გართულებების გარეშე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ სქსობრივი გზით რაიმე ინფექციის შეტანა მოხდა ორგანიზმში, ეს რასაკვირველია დამატებით პრობლემებს ქმნის და ეს სხვა საკითხია, მაგრამ დადგენილი ნორმის ფარგლებში ყველაფერი შეიძლება. გარდა ამისა, ორსულობის მეორე ნახევარში, ქალებს აწუხებთ ხოლმე ტოქსიკოზი, წნევა, შეშუპება… ამ დროს ურჩევენ, რაციონიდან ამოიღონ მარილიანი საკვები, სითხეები, რაც დიდი შეცდომაა, სითხეს დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულისთვის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რაციონიდან თუ რამე უნდა ამოიღოს ქალმა, ეს არის გაზიანი სასმელი, ცხიმინი საკვები, ცომეული საერთოდ რატომ უნდა მიიღოს, ვერ ვიგებ და ასევე ალკოჰოლი. ხშირად მეკითხებიან, ლუდი შეიძლება, ის ხომ ალკოჰოლს მცირე რაოდენობით შეიცავს? ვპასუხობ, რომ არა, არ შეიძლება. ასეთ დეტალებს უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ, ვიდრე იმას, რომ მაგალითად, თმის შეჭრა-შეღებვა დააზიანებთ, სულ უნდა იწვნენ, დაისვენონ და ა.შ.

– ჩვენებები, რომელიც არ უნდა დატოვოს ორსულმა უყურადღებოდ…

– ტემპერატურის მატება, პირღებინება. შეიძლება ტოქსიკოზი ჰქონდეს, მაგრამ 5-6-ჯერ პირღებინება ნორმალური არაა და აუცილებლად უნდა ჩააყენონ ექიმი საქმის კურსში, აირების დაგროვება, გულის ფრიალი, კიდურების ტკივილები, ფაღარათი. მქონია შემთხვევა, პაციენტს 3-4 დღე ფაღარათი აქვს და არაფრად მიაჩნია, ასე არ შეიძლება, რადგან უნდა გამოირიცხოს ინფექციის არსებობა ორგანიზმში… ეს იმ ჩვენებების არასრული ჩამონათვალია, რაც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს ორსულს. ზოგადად, ექიმთან ხშირი კონტაქტი და საქმის კურსში ჩაყენება, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ციცი ომანიძე

mshoblebi.ge

“ორსულობისას ქმარი ყველანაირად უნდა ეცადოს, ქალს კომფორტული გარემო შეუქმნას”

You May Also Like

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *